ლიდერატორი - პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე
ვისთვის არის ეს პროგრამა?
პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს: მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების საბანკო მომსახურება და დაგროვილი ქონების მართვა, ინვესტიციები და საბროკერო საქმე, ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების ანალიზი და პრემიალური საბანკო ბიზნესის განვითარება, ტრანზაქციების მართვა და ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაცია.
რას მოიცავს პროგრამა?
პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი ხანგრძლივობის სამ როტაციას შემდეგ მიმართულებებში:
დაგროვილი ქონების მართვის კლიენტების ონბორდინგისა და ურთიერთობათა სამსახური (WM) - მიმართულების საქმიანობა გულისხმობს კლიენტებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებას, მათთვის პერსონალიზებული მომსახურების გაწევასა და საბანკო სერვისებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას. ლიდერატორი მონაწილეობას მიიღებს პრივილეგირებულ კლიენტებთან C საფეხურის მოლაპარაკებების პროცესში, გაეცნობა სხვადასხვა სექტორისთვის სპეციფიკურ ბიზნეს პროცესებს. ისწავლის კლიენტების ონბორდინგის ეტაპებს, პროდუქტების/სერვისების ინიცირებისა და განვითარების ძირითად პრინციპებს, ურთიერთობების მართვას.
Galt & Taggart Brokerage - მიმართულების საქმიანობა მოიცავს კლიენტების მომსახურებას სამი ძირითადი მიმართულებით: ტრადიციული საბროკერო (Execution Brokerage), ონლაინ საბროკერო (G&T Trader) და „საქართველოს ბანკის ინვესტიციები“. ლიდერატორი დაეუფლება ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის პროცესებს როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი კლიენტებისთვის ყველა ძირითად საფონდო ბირჟაზე. შეისწავლის ფრონტ, მიდლ და ბექ ოფისების ფუნქციებს, მათ შორის კლიენტებთან პირველადი კომუნიკაციის მართვას, ანგარიშების გახსნას, საოპერაციო მონაცემების ასახვას და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების ყოველდღიური სიახლეების ანალიზს. ასევე, მიიღებს გამოცდილებას რეპორტების მომზადებასა და კლიენტების დავალებების, მათ შორის ყიდვა-გაყიდვების, შესრულების მიმართულებით.
გლობალური საბანკო ბიზნეს ურთიერთობების სამსახური - მიმართულების საქმიანობა მოიცავს უცხოურ და ადგილობრივ ბანკებთან (ნოსტრო და ლორო), დეპოზიტარებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების კონსოლიდირებულად მართვას, მომსახურების პირობების, პროდუქტებისა და ტარიფების შეთანხმებას. ლიდერატორი გაეცნობა ფულადი სახსრების გადარიცხვების, ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისა და ვაჭრობა-ფინანსირების პროდუქტების მხარდაჭერისა და განვითარების პროცესებს. ისწავლის დიუდილიჯენსთან დაკავშირებული კითხვარების მომზადებას, საბუთების მოძიებას, ბაზრის ანალიზს და რეპორტების შედგენას. ასევე, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სადეპოზიტო სერთიფიკატების გამოშვებისა და დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაში, საპენსიო ფონდთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაციის პროცესში.
პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:
პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარების განვითარებას. ესენია:
კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
მოლაპარაკებები და ურთიერთობების მართვა
პრეზენტაციის უნარები
საოფისე და საბანკო პროგრამების გამოყენება
რეპორტინგი და დოკუმენტაცია
მონაცემთა ანალიზი
ფინანსური ანალიტიკა, შეფასება და მოდელირება
რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?
იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე: ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა
გქონდეს ძლიერი ანალიტიკური და ბიზნეს კომუნიკაციის უნარები
იცოდე მაკროეკონომიკა, ფინანსები და Microsoft Office-ის პროდუქტები (PowerPoint, Excel)
ფლობდე ინგლისურ და რუსულ ენებს
რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?
ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:
ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის:
პროგრამის მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და შეიძენენ წარმატებული კარიერული სტარტისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებს.
უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება:
ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.
მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან:
ლიდერატორს თითოეულ მიმართულებაში ჰყავს მენტორი - შესაბამისი სფეროს გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც მხარს უჭერს მონაწილეს სამუშაო პროცესში, ადელეგირებს დავალებებს, აზიარებს ცოდნას, გასცემს რჩევებს, აბრუნებს უკუკავშირს და ხელს უწყობს მის პროფესიულ ზრდას.
პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა:
საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიზნით, ლიდერატორებს პროგრამის თითოეულ ეტაპზე კოორდინატორთა გუნდი უწევს მხარდაჭერას, რომელიც მუდმივად იკვლევს მონაწილეთა კმაყოფილებას და პასუხობს მათ საჭიროებებს.
სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:
სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00), თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს.
ამას გარდა, პროგრამის განმავლობაში, ლიდერატორებს აქვთ 7 გამოსასვლელი დღე, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ ერთიანად (მაქს. 5) ან გაანაწილონ საჭიროების მიხედვით.
ანაზღაურება:
პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია. ანაზღაურება განსხვავდება სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპზე (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).
საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:
ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა. პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების სტატისტიკა 78%-ია.
რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?
რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან;
ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური, პრობლემის გადაჭრის უნარების შეფასება;
ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციებისა და მოტივაციის შეფასება;
ინდივიდუალური პრეზენტაცია: სფეროს ცოდნის, იდეების სტრუქტურულად გადმოცემის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების შეფასება.
დამატებითი დეტალები
სამუშაო ადგილი ქ. თბილისი ( სათავო ოფისი - გაგარინის 29ა ; გარე ოფისი პუშკინის 3 )
სამუშაო ფორმატი _ ჰიბრიდული
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა _ 10 თებერვალი 2025
პროგრამის დაწყების თარიღი _ აპრილი 2025
პროგრამის დასრულების თარიღი _ დეკემბერი 2025
ლიდერატორში მონაწილეობა კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ მათ მიერ შერჩეული სფეროს გამორჩეულ, დამწყებ პროფესიონალებად. წარმატებული კანდიდატები ლიდერატორში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.
კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge