ვისთვის არის ეს პროგრამა?
სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს მონაცემთა ინჟინერია, დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება, ანალიტიკის ალგორითმების განვითარება და მონაცემთა მოდელების შექმნა.
პროგრამა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაოთ განვითარებაზე ორიენტირებულ და ინოვაციურ გუნდთან Agile-ის პრინციპებით, მათთან ერთად შექმნათ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მილიონობით მომხმარებლის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, და ამავდროულად შეიძინოთ ღირებული თეორიული ცოდნა და რეალური პრაქტიკული გამოცდილება მონაცემთა ინჟინერიის სფეროში.
რას მოიცავს პროგრამა?
პროგრამა 9 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს.
პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები ჩაერთვებიან მონაცემთა ინჟინერიის ძირითად პროცესებში, როგორიცაა:
მონაცემების ინტეგრაცია და დამუშავება (Python-ის ან SQL-ის გამოყენებით).
მონაცემთა სტრუქტურირება და სტანდარტიზაცია.
მონაცემთა ნაკადების ავტომატიზაცია და ეფექტურობის გაუმჯობესება.
მონაცემთა ანალიტიკის გუნდთან თანამშრომლობა ალგორითმების დანერგვისა და მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
ამ პროცესების მეშვეობით მონაწილეები შეისწავლიან, როგორ გამოიყენონ მონაცემები ბიზნეს გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად და პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა.
პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:
მონაცემთა ინჟინერიის უნარები: ETL პროცესები, მონაცემთა მოდელირება და ინტეგრაცია.
ბაზისური ანალიტიკა: SQL-ის გამოყენება მონაცემთა ბაზების მართვისა და ანალიზისთვის.
პროგრამირების უნარები: Python-ის გამოყენება მონაცემთა დამუშავებისთვის.
რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?
იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული შემდეგ ან დაკავშირებულ მიმართულებაზე: კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია, მათემატიკა, ფიზიკა ან სტატისტიკა.
გაგაჩნდეს ძლიერი ლოგიკური და ანალიტიკური უნარები
იყო შრომისმოყვარე და გქონდეს მაღალი მოტივაცია ჩამოყალიბდე ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს პროფესიონალად
გამოირჩეოდე ინიციატივიანობითა და გუნდური მუშაობის უნარით.
დამატებით უპირატესობად ჩავთვლით:
· Python-ის კოდირების ცოდნა.
· SQL-ის და რელაციური მონაცემთა ბაზების (RDBMS) პრინციპების ცოდნა.
· Linux-ის ტერმინალზე მუშაობის გამოცდილება.
რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?
ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:
ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის:
პროგრამის მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და შეიძენენ წარმატებული კარიერული სტარტისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებს.
მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან:
ლიდერატორს თითოეულ მიმართულებაში ჰყავს მენტორი - შესაბამისი სფეროს გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც მხარს უჭერს მონაწილეს სამუშაო პროცესში, ადელეგირებს დავალებებს, აზიარებს ცოდნას, გასცემს რჩევებს, აბრუნებს უკუკავშირს და ხელს უწყობს მის პროფესიულ ზრდას.
პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა:
საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიზნით, ლიდერატორებს პროგრამის თითოეულ ეტაპზე კოორდინატორთა გუნდი უწევს მხარდაჭერას, რომელიც მუდმივად იკვლევს მონაწილეთა კმაყოფილებას და პასუხობს მათ საჭიროებებს.
სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:
სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00), თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს.
ამას გარდა, პროგრამის განმავლობაში, ლიდერატორებს აქვთ 7 გამოსასვლელი დღე, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ ერთიანად (მაქს. 5) ან გაანაწილონ საჭიროების მიხედვით.
ანაზღაურება:
პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია. ანაზღაურება განსხვავდება სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპზე (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).
საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:
ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა. პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების სტატისტიკა 78%-ია.
რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?
რეზიუმეს საფუძველზე პროგრამის მოთხოვნებთან აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა
ზოგადი ტესტირება – ლოგიკური და ანალიტიკური უნარების შეფასება
მათემატიკური უნარების ტესტირება
ინდივიდუალური გასაუბრება – აპლიკანტის კომპეტენციების, ცოდნისა და ინტერესების პროგრამასთან შესაბამისობის დადგენა / შეფასება
დამატებითი დეტალები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 თებერვალი 2025.
პროგრამის დაწყების თარიღი: აპრილი 2025.
პროგრამის დასრულების თარიღი: იანვარი 2026.
პროგრამა ლიდერატორი ხელს უწყობს კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ მაღალი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ტალანტებს, ჩამოყალიბდნენ ყველაზე მოთხოვნადი სფეროს გამორჩეულ პროფესიონალებად, მიიღონ სამუშაოზე მორგებული თეორიული ცოდნა და გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარები რეალურ პროექტებში საკუთარი წვლილის შეტანის გზით.
ამ ინიციატივის საპასუხოდ, პროგრამის წარმატებულ მონაწილეებთან მოვიაზრებთ ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც ორიენტირდება ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, მინიმუმ 2 წლიანი პერსპექტივით, რათა ერთად ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებსა და ტრენდებს, შევქმნათ და განვავითაროთ ინოვაციური და ფუნქციურად სრულყოფილი პროდუქტები და სერვისები.
მრავალფეროვანი პროფესიული ინტერესების ქონის შემთხვევაში, კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge;