ვისთვის არის ეს პროგრამა?

სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს: ახალი პროდუქტებისა და სერვისების შექმნა, ბაზრის კვლევა, პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია, ეფექტიანობის გაუმჯობესება და ინოვაციური პროექტების განვითარება.

რას მოიცავს პროგრამა?

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი  ხანგრძლივობის ორ როტაციას შემდეგ მიმართულებებში:

  1. CB ბიზნეს დეველოპმენტი - საქმიანობა გულისხმობს კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმდინარე პროცესების/პროდუქტების ანალიზს, მათი განვითარების შესაძლებლობების კვლევას, IT მიმართულებასთან შესაბამისი ამოცანების წარდგენას და ზოგადად ბიზნესმიმართულების მხარდაჭერას სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის პროცესში. ლიდერატორი მონაწილეობას მიიღებს არსებული პროცესების/პროდუქტების ანალიზში,  ეფექტიანობის ზრდისკენ მიმართული ამოცანების განსაზღვრასა და დაკავშირებული მხარეების კოორდინაციაში. აღნიშნულ როტაციაზე კანდიდატი ისწავლის არსებულ პროდუქტებს, გაიგებს, თუ როგორ ინერგება სხვადასხვა ცვლილება და პროდუქტი, განივითარებს კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკურ უნარებს.

  2. SME პროდუქტ დეველოპმენტი (Landing Tribe) - დეპარტამენტი პასუხისმგებელია მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) კლიენტებისთვის ახალი პროდუქტებისა და სერვისების შექმნაზე, ასევე არსებული პროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციაზე. ლიდერატორი ჩაერთვება ბაზრის კვლევაში, არსებული პროდუქტების ანალიზსა და ახალი იდეების შემუშავებაში. მონაწილეობას მიიღებს ინოვაციური პროექტების დასანერგად საჭირო ამოცანების განსაზღვრასა და ბანკში უკვე დანერგილი პროდუქტების გაუმჯობესების ინიციატივების განვითარებაში. განივითარებს კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, ასევე რთულ სიტუაციაში პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს.

პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:

  • პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარების განვითარებას. ესენია:

  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება

  • მოლაპარაკებები და ურთიერთობების მართვა

  • გუნდური მუშაობა

  • ბაზრისა კვლევა და  პროცესების ანალიზი

  • ინოვაციური პროექტების განვითარება

  • ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია

  • საოფისე და ბიზნეს პროგრამების გამოყენება

  • პრობლემის გადაჭრის უნარი

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

  • იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე:  ბიზნესის ადმინისტრირება, საოპერაციო მენეჯმენტი

  • გქონდეს ძლიერი სტრატეგიული აზროვნების, პრეზენტირების, ანალიტიკური და ლოგიკური უნარები

  • მაღალ დონეზე ფლობდე Microsoft Excel-ს

რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?

ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის:

პროგრამის მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და შეიძენენ წარმატებული კარიერული სტარტისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებს.

  • უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება:

ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან:

ლიდერატორს თითოეულ მიმართულებაში  ჰყავს მენტორი - შესაბამისი სფეროს გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც მხარს უჭერს მონაწილეს სამუშაო პროცესში, ადელეგირებს დავალებებს, აზიარებს ცოდნას, გასცემს რჩევებს, აბრუნებს უკუკავშირს და ხელს უწყობს მის პროფესიულ ზრდას.

  • პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა:

საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიზნით, ლიდერატორებს პროგრამის თითოეულ ეტაპზე კოორდინატორთა გუნდი უწევს მხარდაჭერას, რომელიც მუდმივად იკვლევს მონაწილეთა კმაყოფილებას და პასუხობს მათ საჭიროებებს.

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი:

სტანდარტული სამუშაო გრაფიკი მოიცავს 8-საათიან დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00), თუმცა სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს.

ამას გარდა, პროგრამის განმავლობაში, ლიდერატორებს აქვთ 7 გამოსასვლელი დღე, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ ერთიანად (მაქს. 5) ან გაანაწილონ საჭიროების მიხედვით.

  • ანაზღაურება:

პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია. ანაზღაურება განსხვავდება სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპზე (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).

  • საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა:  

ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა.  პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების სტატისტიკა 78%-ია.


რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?

  1. რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან;

  2. ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური, პრობლემის გადაჭრის უნარების შეფასება;

  3. ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციებისა და მოტივაციის შეფასება;

  4. ინდივიდუალური პრეზენტაცია: სფეროს ცოდნის, იდეების სტრუქტურულად გადმოცემის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების შეფასება.

დამატებითი დეტალები

  • სამუშაო ადგილი _ ქ. თბილისი ( სათავო ოფისი - გაგარინის 29ა)

  • სამუშაო ფორმატი _ ჰიბრიდული

  • განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა _ 10 თებერვალი 2025

  • პროგრამის დაწყების თარიღი _ აპრილი 2025

  • პროგრამის დასრულების თარიღი _ დეკემბერი 2025

ლიდერატორში მონაწილეობა კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ მათ მიერ შერჩეული სფეროს გამორჩეულ, დამწყებ პროფესიონალებად. წარმატებული კანდიდატები ლიდერატორში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.

კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge

გამოაგზავნეთ განაცხადი

გთხოვთ მიუთითოთ სასწავლო კურსი
გთხოვთ, მონიშნოთ ბაკალავრზე სწავლის დაწყების თარიღი: